ქალაქ დედოფლისწყაროში №1 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი.
შენობაში განთავსდება სამედიცინო კაბინეტიც, კვების ზონა, შიდა და გარე სპორტული სივრცეები. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15.9 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დედოფლისწყაროში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, გასახდელების, სველი წერტილებისა და სამეურნეო სათავსოს მოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე.





















