ველისციხის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციოდ, რომელიც 2022 წელს დაიწყო, კომპანიებისთვის 21 მილიონ ლარზე მეტი, უკვე გადახდილია – კვლევას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს
კვლევის ფარგლებში ორგანიზაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე განთავსებული ხელშეკრულება და გადახდების მონაცემები. გააანალიზა ვადებთან დაკავშირებული ცვლილებებიც.
დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კონტრაქტორ კომპანიებთან, შპს „ინსი“ და შპს „ჯავა“, გაფორმებული ხელშეკრულება 20 თვეში, 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში დასრულებას ითვალისწინებდა. პროექტისათვის, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, საბოლოო ხელშეკრულების ღირებულებად, 29 მილიონ 704 ლარი განისაზღვრა.
კვლევით გამოვლინდა, რომ განსაზღვრული ვადებისა და არაერთი საჯარო დაპირებისა, სამუშაოები დროულად არ შესრულდა.
2024 წლის მარტში დასრულების ახალ სავარაუდო თარიღად 31 მაისი დასახელდა, მოგვიანებით კი ფონდმა ვადა 2024 წლის IV კვარტლამდე გადაწია.
ამ ფონზე, კომპანიებისთვის უკვე გადახდილია თანხის 73%, რაც 21 მილიონ 707 ლარია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, 2026 წლის 22 თებერვალს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებას წყვეტს და დარჩენილი სამუშაოებისთვის ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
ამ დროისთვის უცნობია, რა მოცულობის სამუშაოები რჩება შესასრულებელი და რა დამატებითი ფინანსური რესურსი იქნება საჭირო პროექტის დასრულებისათვის.





















