გურჯაანში დღეს ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელ „ვიგოს“ კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. აღნიშნული ქსელი კომპანია „ვისოლის“ ახალი პროექტია და მისი გაფართოება რეგიონებში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„ვიგო“ მომხმარებლებს ხარისხიან საწვავს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ქსელის კონცეფცია მცირე ზომის, ფუნქციური ავტოგასამართი სადგურების განვითარებაა, რომლებიც ძირითადად რეგიონულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში განთავსდება.
კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „ვიგოს“ ქსელში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 15 ავტოგასამართი სადგური შედის. გეგმების მიხედვით, 2026 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-ზე მეტამდე უნდა გაიზარდოს.
კახეთის რეგიონში „ვიგოს“ სადგურები უკვე მოქმედებს ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ბოდბეში, წნორში და საგარეჯოში, ხოლო ახლა ქსელს გურჯაანიც დაემატა. კომპანიის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ახალი სადგურების გახსნა ასევე იგეგმება ახმეტაში, ალვანსა და აფენში.
„ვიგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე ხელმისაწვდომია ოთხი სახეობის საწვავი — პრემიუმი, რეგულარი, ევრო დიზელი და დიზელ ენერჯი, რომლებიც განკუთვნილია როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე კორპორაციული კლიენტებისთვის.

კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ახალი ქსელის განვითარება მომხმარებლებისთვის საწვავის უფრო ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებას ემსახურება. მისი განცხადებით, საწვავზე ფასების ზრდის ფონზე კომპანია ცდილობს, მოქალაქეებს გადაადგილების ხარჯების შემცირებაში დაეხმაროს და მათთვის ეკონომიური ალტერნატივა შექმნას.
ახალი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინითა და სწრაფი მომსახურების სისტემით. ინფრასტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ კომფორტულად შეძლონ როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე დიდი ზომის სატვირთო ტრანსპორტის მომსახურება.





















