საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, კახეთში, ქართლსა და თბილისში, ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა.
ბრალდებული სხვადასხვა საშუალებებით შეეცადა მისი ვინაობის დაფარვას, მაგრამ გამოძიების პროცესში მოპოვებულია მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ბრალდება 2006 წელს დაბადებულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.





















