რჩევები

აქციების ფასები კვლავ მკვეთრად იკლებს – რამდენად კარგი დროა ახლა ინვესტირებისთვის?

აქციების ფასები კვლავ მკვეთრად იკლებს - რამდენად კარგი დროა ახლა ინვესტირებისთვის?

აშშ-ს ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა მონაცემები, რომლის თანახმადაც სექტემბერში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 3.5%-მდე შემცირდა და 263,000 მოქალაქე დასაქმდა, საათობრივი ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი კი 5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

მიუხედავად ამ პოზიტიური დინამიკისა, აშშ-ს საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები ბოლო სავაჭრო დღეს კვლავ შემცირდა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ს ეკონომიკა ჯერ ისევ არაა რეცესიაში და ხელს აძლევს ფედერალურ რეზერვს მომდევნო სხდომაზე კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა მაღალ ინფლაციასთან საბრძოლველად.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან ამის მოლოდინი ეკონომიკის შენელებას იწვევს, ამცირებს დაკრედიტებას. ეს უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობაზეც და ისინი სარისკო აქტივებს ამცირებენ.

ამბის გავრცელებიდან მალევე წამყვანი კომპანიების აქციები შემცირდა, თუმცა კლების ტენდენცია საფონდო ბირჟაზე უკვე დიდი ხანია აღინიშნება – აშშ-ს 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი წლის დასაწყისიდან დღემდე 24%-ზე მეტითაა შემცირებული, Dow Jones-ი, აშშ-ს 30 უმთავრესი კომპანიის აქციების ინდექსი 20%-ით, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 30%-ზე მეტით შემცირდა.

არის თუ არა ახლა კარგი დრო ინვესტირებისთვის? ფაქტია, ახლა აქციები გაიაფებულია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კიდევ უფრო გაიაფდეს. რამდენით და როდემდე გაგრძელდება გაიაფება? ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, თუმცა ექსპერტები მოელიან, რომ ეროვნული ბანკები საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც საფონდო ბირჟაზე უარყოფითად აისახება, მინიმუმ წლის ბოლომდე გააგრძელებენ, მაგრამ შესაძლოა, ეს 6 თვე ან 1 წელიც კი გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება კლების ტენდენცია, ექსპერტების უმრავლესობა ამბობს, რომ არსებული პირობები ინვესტირებისთვის ხელსაყრელია, თუმცა, მთავარი კითხვა აქ ისაა, თუ რა უნდა ვიყიდოთ. ამ კითხვაზე პასუხები თქვენი საინვესტიციო სტრატეგიისა და მიზნების მიხედვით განსხვავდება.

პირველ რიგში, არ უნდა აჰყვეთ ემოციებს. არავინ იცი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი როდის დამთავრდება და მისი ეფექტები ეკონომიკაზე სამომავლოდ როგორი იქნება, შესაძლოა, თქვენს მიერ შეძენილი აქციების ფასები მომავალ თვეებში შემცირდეს, თუმცა ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაყიდოთ. გარდა ამისა, არ არსებობს ერთი საინვესტიციო ფორმულა, რომელიც ყველას ერგება, ამიტომ სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი მიზნები, მოთხოვნილებები და შეაფასოთ მდგომარეობა.

ექსპერტების თანახმად, ახლა კარგი დროა იმგვარ სექტორებში ფულის ჩადებისთვის, როგორებიცაა ფინტექი, ელექტრონული კომერცია, განახლებადი ენერგიები, ონლაინ თამაშები, ბანკები და სხვადასხვა ტიპის საქონელი.

საინვესტიციო პლატფორმა Hargreaves Langsdown გვირჩევს, 2022 წლის ბოლო პერიოდში შემდეგ კომპანიებს მივაქციოთ ყურადღება: Rolls Royce Holdings, Angus Energy, BP, Vodafone, Glencore.

Forbes-ის თანახმად, რეცესიის დროს ინვესტირების დასაწყებად შესანიშნავი საწყისი წერტილი ენერგოკომპანიების აქციებია და ამისთვის გამოცემა გვირჩევს შემდეგ ამერიკულ კომპანიებს მივადევნოთ თვალი: Exelon, Duke Energy, NextEra Energy, Dominion Energy, Entergy, Sempra, NiSource, Constellation Energy და სხვ.

არ არსებობს ურისკო ინვესტიცია, თუმცა თუ თქვენი მიზანია შეიძინოთ დაბალრისკიანი აქტივები, მაშინ უმჯობესია აქცენტი ბონდებზე გააკეთოთ. გარდა ამისა, რისკების შემცირებისთვის აუცილებელია საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება.

გაითვალისწინეთ, რომ სანამ ინვესტირებას დაიწყებთ, აუცილებლად აირჩიეთ სფერო, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, გააკეთეთ ბაზრის მოკვლევა თქვენით, შეაფასეთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ თანხა რომელიმე კომპანიის აქციებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close