დღის ამბებიკულტურა

თეა წულუკიანი აზერბაიჯანში კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმს დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანში „ბაქოს პროცესის“ ფარგლებში გამართულ კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმს დაესწრო. ფორუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამდღიან ფორუმს ესწრებოდნენ 110 ქვეყნის წარმომადგენლები – კულტურის მინისტრები, რელიგიური ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები.

ფორუმის დისკუსია მიეძღვნა თემას – „დიალოგი მშვიდობისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის: თანამშრომლობა და ურთიერთკავშირი“.
პანელური დისკუსიის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა სიტყვით მიმართა 110 ქვეყნის წარმომადგენლებს, ისაუბრა საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებსა და მსოფლიოს ქვეყნებთან მჭიდრო და მშვიდობიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

VI მსოფლიოს ფორუმის მიზანია კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ პანელურ დისკუსიებზე განიხილეს კულტურათაშორისი კომუნიკაციებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები, იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, კულტურული და ტურისტული მარშრუტების, რელიგიათაშორისი დიალოგის, კლიმატის ცვლილების, არალეგალური მიგრაციის შესახებ და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის გზებზე.

ინფორმაციისთვის: „ბაქოს პროცესი“, რომლის ფარგლებშიც კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიოს ფორუმი იმართება, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ 2008 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით დააფუძნა.

„ბაქოს პროცესის“ წარმატება და ფასდაუდებელი როლი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით ბაქოში მიმდინარე ფორუმი კულტურათაშორისი დიალოგის ხელშემწყობი ძირითადი გლობალური პლატფორმაა. ამასთანავე, იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს „ბაქოს პროცესს“ და მის ყველა წევრ სახელმწიფოსა და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close