დღის ამბები

ბიბერახში თელავის დღეების კვირეული იწყება

გერმანიის გაზეთ „შვაბიშე ცაიტუნგში“  (Schwäbische Zeitung – ოფისით ბადენ-ვიურტემბერგში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბიბერახში ქართული კულტურის კვირეული იწყება: მნახველებს სასიამოვნო შთაბეჭდილებები ელოდებათ“.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ბიბერახში, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარეობს, 6 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე ქართული კულტურის დღეები ჩატარდება, უკვე მეექვსედ, მრავალი ღონისძიებით – გამოფენებით, კონცერტებით, მუსიკით.

 

„თელავისა და ბიბერახის მეგობრობა გრძელდება“ – ამ დევიზით ბიბერახის რატუშაში ქართული თელავისა და გერმანული ბიბერახის თანამშრომლობის ამსახველი მასალები იქნება გამოფენილი. გაიმართება ქართული კულინარიის დეგუსტირება სხვადასხვა სანელებლებით, სვანური მარილით, გამოცხვება ხაჭაპური“, – იუწყება გაზეთი.

 

ქართულ მუსიკალურ კულტურას ბიბერახში წარადგენს ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „თელა“ – ხალხური სიმღერებით და ქართული პოლიფონიური კომპოზიციებით. პროფესიონალი მუსიკოსი ქალები მღერიან ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების – ფანდურის, სალამურის და დოლის თანხლებით.

 

ჩატარდება კლასიკური მუსიკის ორი კონცერტიც – თელაველი სოსო ნინიკელაშვილი, რომელიც ადრეც ბევრჯერ ყოფილა ბიბერახში, 6 ოქტომბერს რატუშაში დაუკრავს ფორტეპიანოზე, 16 ოქტომბერს კი ანა ნარუაშვილი, , ელისაბედ ნამჩევაძე და სხვები. კონცერტებს გამართავს გერმანულ-ქართული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს სხვადასხვა სიმღერებს.

 

ქართული ღვინის დეგუსტაცია კაბე-ბარ „შამპანსკიში“ მოხდება 14 ოქტომბერს. საქართველოში ქვევრის ღვინოს თითქმის 8 ათასი წლის განმავლობაში ამზადებენ. 15 ოქტომბერს იქვე გაიშლება ქართული სუფრაც – თავისი თამადით, რომელიც სტუმრებს და მნახველებს ქართული ღვინის სმის კულტურას გააცნობს.

 

რაც შეეხება ლექციებს: 20 ოქტომბერს საქართველოს ბუნებისა და სიმდიდრეების შესახებ ისაუბრებს ტურიზმის ბიზნესმენი და მეღვინე სოსო მექვევრიშვილი, ხოლო გერმანელი ჰანს პეტერ-ბიგე წაიკითხავს ლექციას საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის შესახებ 1918-1921 წლებში, აგრეთვე 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან.

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე თელავისა და ბიბერახის დაძმობილების ისტორია, რომელიც 1987 წლის 6 ოქტომბრიდან იწყება: „იმ დროს საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაძმობილებული ქალაქების ურთიერთობა გააქტიურდა“, – ნათქვამია სტატიაში, – მიმდინარეობს სტუდენტთა გაცვლა, ერთობლივი პროექტების რეალიზება და ა.შ.“. ამ საქმეს აქტიურად უძღვება ბიბერახთან დაძმობილებული ქალაქების ასოციაცია, რომლის ეგიდით საქართველოს კვირეული იწყება.

 

ასოციაციის კომიტეტის წევრი ნინა მაიერ-შუკი ამას წინათ თელავში იყო ჩასული და თავისი თვალით ნახა, თუ რას ფიქრობენ ქართველები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე; „არსებობს შიში, რომ რუსეთი საქართველოს ისევ თავს დაესხმება“. ამ შეშფოთებას იზიარებს კომიტეტის კიდევ ერთი წევრი დანიელ ბირკენმაიერი: „ქართველები ისევ გრძნობენ საფრთხეს რუსეთის მხრიდან“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close