17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე, პროკურორმა ქეთი სონიძემ სასამართლო სხდომაზე მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბრალდებული და ნარიმანიძე ერთმანეთს პირველად მკვლელობის ღამეს შეხვდნენ და მათ შორის მანამდე ურთიერთობა არ არსებობდა.
სონიძის თქმით, 10 სექტემბრის გამთენიისას ბრალდებული მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც სამწვადის ტერიტორიაზე მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
თავდაპირველად ახალგაზრდებს შორის მცირე დაპირისპირება სიგარეტის თხოვნას მოჰყვა, თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა. ბრალდებული ახალგაზრდებმა სუფრასთან მიიწვიეს და სადღეგრძელოს დალევა შესთავაზეს.
„- სადღეგრძელოს დროს ბრალდებულმა შენიშვნა მისცა ნარიმანიძეს, რატომ არ დგებოდა ფეხზე. ნარიმანიძემ მას უპასუხა, რომ ფეხი სტკიოდა და ფეხზე ვერ დგებოდა. ბრალდებულმა უთხრა, ამდგარიყო, მის გვერდით დამდგარიყო და, თუ ფეხი სტკიოდა, ხელი გადაეხვია და ასეთ მდგომარეობაში დამდგარიყო“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ნარიმანიძე რამდენიმე წუთის განმავლობაში ბრალდებულის გვერდით იდგა, რის შემდეგაც ბრალდებულმა მას მოშორებით, ცალკე გასვლა შესთავაზა.
ისინი ცალკე გავიდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა ნარიმანიძეს გულ-მკერდის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 17 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
სონიძის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ ბრალდებულმა ტერიტორია დატოვა და გარკვეული დროით მიიმალა, მოგვიანებით კი დაბრუნდა და პოლიციას აღიარებით ჩაბარდა.
ბრალდებულისა და ნარიმანიძის ცალკე გასვლისას მათი მეგობრები უკან არ გაჰყოლიან, რადგან მიიჩნიეს, რომ კონფლიქტი უკვე დასრულებული იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მათ ხმამაღალი გარჩევის ხმა გაიგეს და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.
„აქედან ორი არასრულწლოვანი სწრაფად მივიდა შემთხვევის ადგილზე. მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ეჭირა დანა ხელში ბრალდებულ არასრულწლოვანს და როგორ ეუბნებოდა ის დაჭრილს, რომ მიიღო ის, რაც უნდოდა“, -თქვა პროკურორმა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 112-ში დარეკა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ამ ეტაპზე მიღებული არ არის. თუმცა, პროკურორის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მომუშავე ექსპერტის წინასწარი შეფასებით, გარდაცვალების მიზეზი გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად, გულის დაზიანება გახდა.
პროკურორმა ისაუბრა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული კამერების ჩანაწერებზეც. მისი თქმით, უშუალოდ დანით დარტყმის ფაქტი კამერებს არ დაუფიქსირებია, თუმცა ჩანაწერებში ჩანს დაჭრილი დავით ნარიმანიძისა და ბრალდებულის გადაადგილება.
სონიძის განცხადებით, გამოძიება ასევე შეისწავლის, ხომ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთით ადრე პოლიცია და ჰქონდა თუ არა მას არასრულწლოვნების გადაადგილებასა და შესაძლო კონფლიქტზე რეაგირების შესაძლებლობა.
პროკურორის ინფორმაციით, 17 წლის ბრალდებულს წარსულში ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებიც ჰქონდა. არასრულწლოვანი ბოლო თვეებში მრავალეპიზოდურ ქურდობებში იყო ბრალდებული და მის მიმართ გაზაფხულზე გირაო იყო გამოყენებული, რომელიც ამ ეტაპზე გადახდილი არ ჰქონდა.
დავით ნარიმანიძე 10 სექტემბერს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოკლეს. საქმეზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. – გამოცემა














