ტიკტოკ-ლაივში ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს სასტიკად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო
კახეთში მცხოვრებ ორ არასრულწლოვანს შორის დაპირისპირება TikTok-ის ლაივში გოგონას ჩართვას მოჰყვა.
როგორც გამოცემამ „მთავარი ამბები კახეთიდან“ გაარკვია, გაღიზიანებულმა მოზარდმა მეორე ბიჭი საქმის გასარჩევად დაიბარა, ქუჩაში წიხლებით სცემა და პარალელურად ვიდეო გადაუღო.
ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა.
დაზარალებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. მას კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ამ დრომდე წოლით რეჟიმში იმყოფება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაზარალებულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















