Home ბლოგი სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

სტიქიით დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ

სტიქიის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში მდინარე ბელექანჩაი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის მნიშვნელოვანი ნაწილი დატბორა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის ნიაღვარმა გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. წყალმა წაიღო სახლში შენახული ხორბალი, დაიხოცა შინაური ფრინველიც.

მათივე თქმით, ყველაზე მძიმე ღამე იყო, როდესაც უსაფრთხოების მიზნით, ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სახლები დაეტოვებინა და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო.

სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოს მიმართავენ, დროულად შეფასდეს თითოეული ოჯახის ზარალი, გაიცეს შესაბამისი კომპენსაცია და გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რომ მომავალში იმავე საფრთხის წინაშე აღარ აღმოჩნდნენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ადგილობრივმა ნათია თავართქილაძემ დაწერა, რასაც გამოხმაურებები მოჰყვა.

ერისიმედელები აცხადებენ, რომ მდინარის ადიდება თითქმის ყოველწლიურ პრობლემად იქცა და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია როგორც დაზარალებულების დახმარება, ისე სოფლის გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული მოწყობა.