ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი თელავში ზაფხულის კულტურული ღონისძიებების ნაკლებობაზე წერს და მუნიციპალიტეტს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს აქვს ყველა რესურსი, მისი გამოყენება ხშირად შესაბამისად არ ხდება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კულტურის მიმართულებით ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება და ეს რესურსი ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების გასააქტიურებლად უნდა გამოიყენებოდეს.
„კითხვებია, სად არის კულტურის აიპ-ის მიერ 2025 წლის ბოლოს საკრებულოსთვის წარდგენილი პროგრამა და როგორი კულტურული მენეჯმენტი ხორციელდება მუნიციპალიტეტში“, – ამბობს მოსიაშვილი.
„ზაფხულის დღეები“ უნდა იყოს კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც ქალაქს გააცოცხლებს და მოქალაქეებს ერთმანეთს დააკავშირებს. გვაქვს სკვერები, გვაქვს რესურსი და, რაც მთავარია, გვყავს უნიჭიერესი ახალგაზრდები. ჩვენს მუნიციპალიტეტს ათობით მუსიკალური გუნდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ჰყავს. ეს ადამიანები თელავის კულტურული იდენტობის მატარებლები არიან, თუმცა დღეს ისინი მაყურებლისა და სცენის გარეშე რჩებიან.
ნუთუ არ არის ეს საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის პატარა სკვერები და ღია სივრცეები ხელოვნების „გუგუნად“ იქცეს?
კულტურისთვის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. ეს თანხა სწორედ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი, აქტიური და საინტერესო. მაშინ, როცა მსოფლიო ტურისტული თუ ადგილობრივი პოტენციალის რეალიზებას ცდილობს, თელავი, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, უმოქმედოდ დგას.
თელავის მერიასა და საკრებულოს მოვუწოდებ: გააცოცხლეთ ქალაქი, აჩვენეთ მუნიციპალიტეტს, ქალაქსა და სოფლებს იმ ანსამბლების წლიური შრომა, რაშიც ჩვენ მათ მთელი წელი ხელფასებს ვუხდით…
მშვიდობის ბაღი, ნადიკვარი, ძველი ბაღი, ყადორის ბაღი… და სოფლად ხომ კიდევ რამდენი ადგილია“, – წერს სოციალურ ქსელში, მაკა მოსიაშვილი.





















