მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირების მიზნით კონკურსი გამოაცხადა.
ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60-70 იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება, მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.
საპროექტო დავალების ფარგლებში მომზადდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა.
დაგეგმილია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





















