პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი შეფასებით, თელავში რამდენიმე კომერციულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვები არასწორად იყო გაცემული, რაც გუშინ მომხდარი დამანგრეველი სტიქიის ერთ-ერთ გამამწვავებელ მიზეზად იქცა. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები დანარჩენს დაადგენენ.
“- ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა.
ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ თელავში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, რომლის შედეგადაც ადიდებულმა ხევმა კალაპოტი გაარღვია, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კალაპოტთან განაშენიანებას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად.
მათი თქმით, მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში მშენებლობის ნებართვებს არასწორად გასცემდა, რამაც, მათი შეფასებით, სტიქიის შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა.





















