სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ.
მოქალაქეების განცხადებით, სოფელს წყალი შეფერხებით მიეწოდება, რაც ზაფხულის პერიოდში მათთვის განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის.
“ზაფხულია და წყალი ყოველ წუთს გჭირდება ადამიანს. ზოგს პირუტყვი ჰყავს, ზოგს შინაური ფრინველი. მის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება?“ – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.
კომენტარებში ადგილობრივები ამბობენ, რომ უწყლოობა სოფელში წლებია არსებობს და მისი მოგვარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„წლებია ვიტანჯებით. სარეზერვო მარაგის შექმნა არ უნდათ. რიგითი მოქალაქეც ხვდება, რომ დამატებითი ჭაბურღილია საჭირო“,- წერს ერთ-ერთი მათგანი.
ბოდბელები შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვენ.





















