დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კომუნალური მომსახურების ცენტრის ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ქალაქში კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები განახლდა.
უწყების ცნობით, ინტენსიური პროცესი 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც ითიბება საბავშვო პარკის ტერიტორია, იწმინდება სარეველებისა და ნარჩენებისაგან, პარალელურად კი წესრიგდება მიმდებარე სივრცე.
სამუშაოები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში 9 აპრილის სკვერის მოუწესრიგებელ მდგომარეობაზე დაწერა, ხოლო გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ საკითხით დაინტერესდა.
მოქალაქის განცხადებით, მოუთიბავი სკვერი ნაგვით იყო სავსე, ბილიკები ბალახში იყო ჩაფლული, რაც განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიაზე ყოველდღიურად ბევრი ბავშვი თამაშობს.





















