Home ბლოგი იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები დაფიქსირდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარე წელს დააფინანსა.

გათხრების შედეგად გამოიკვეთა ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც შუა საუკუნეების ამ უმნიშვნელოვანესი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას ადასტურებს.

კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სააგენტო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით, ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მომდევნო წელსაც გააგრძელებს.