Home ბლოგი ანი ძულიაშვილი თელაველებს მათე დევიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

ანი ძულიაშვილი თელაველებს მათე დევიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

სამოქალაქო აქტივისტი, ანი ძულიაშვილი თელაველებს მოუწოდებს, გამოხატონ სოლიდარობა პატიმრობაში მყოფი თანაქალაქელის, ახალგაზრდა მუსიკოსის, მათე დევიძის მიმართ და მისი გათავისუფლება მოითხოვონ.

„- ძვირფასო თელაველებო, თელავს ყოველთვის საქართველოს მარგალიტად ვთვლიდი. განსაკუთრებული ქალაქი მგონია და თელაველებიც განსაკუთრებით მიყვარხართ! რაღაც თბილი, დახვეწილი სული ტრიალებს ამ კოხტა ქალაქში! თქვენი თანაქალაქელი, მათე დევიძე ამ ლამაზ ქუჩებში, ამ ტკბილ ხალხთან გაიზარდა, თავისუფლებას რომ ასხივებს ისეთი ღიმილით! ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს! ახლა ციხეშია გამოკეტილი!

გინდათ კახური სიჯიუტე დაარქვით და გინდათ პრინციპულობა, თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არც არავის არაფერს არ სთხოვს. თითქმის ყველა სინდისის პატიმარმა დატოვა საპყრობილე, იქნებ გამოიჩინოთ თანადგომა. თქვენ უკეთ მოიფიქრებთ, რაიმე სახით გამოხატეთ სოლიდარობა, მოითხოვეთ მისი გათავისუფლება, მიაწვდინეთ მთავრობას ხმა. სირცხვილია, თქვენს მაგივრად სხვები უჭერენ მხარს, თქვენი ხმა კი არ ისმის! ერეკლეს შთამომავალნო, ვითომ შიშმა დაგადუმათ?!“- წერს ძულიაშვილი.

პოსტს მოქალაქეების გამოხმაურებაც მოჰყვა. “მეც ძალიან მიკვირს თქვენი კარგი, ჭკვიანი, ნიჭიერი, პატრიოტი თანამოქალაქე ციხეშია და ჯერ არანაირი ფორმით არ გამოგიხატავთ თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობა. რატომ?“

“მათეზე ხომ ამბობთ? თბილისიდან ვიყურები, როგორ მიატოვა ქალაქმა. გასაგიჟებელია პირდაპირ. მედეა მეზვრიშვილი არ დაავიწყდეს არავის“.

თელაველი მუსიკოსი მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში, პროევროპული აქციის დროს დააკავეს. პროკურატურა მას პოლიციელებისათვის დროშის ტარის დარტყმასა და მათზე თავდასხმას ედავებოდა.

დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი