მსოფლიო

მუშახელის დეფიციტის გამო კანადა იმიგრანტების რაოდენობას რეკორდულად ზრდის

მუშახელის დეფიციტის გამო კანადა იმიგრანტების რაოდენობას რეკორდულად ზრდის

კანადა 2025 წელს რეკორდული 500 000 ახალი მუდმივი მცხოვრებლის მიღებას გემავს. Reuters-ის შეფასებით, ქვეყანამ ამ მხრივ მომდევნო ორწლიანი გეგმა გაზარდა.

იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის მდივანი, შონ ფრეიზერი აცხადებს, რომ ქვეყანა ცდილობს, ჩამოსულთა რიცხვი მუშახელის მწვავე დეფიციტის შესავსებად გაზარდოს. კანადა 2023 წელს 465 000 ახალ მუდმივ მცხოვრებს მოელის, რაც წინა სამიზნეზე 4%-ით მეტია, ხოლო 2024 წელს ქვეყანაში 7.5%-ით მეტი, ანუ 485 000 იმიგრანტის ჩასვლას ვარაუდობენ.

„წლევანდელი საიმიგრაციო გეგმა ბიზნესს საჭირო მუშახელის პოვნაში დაეხმარება,“ – აცხადებს ფრეიზერი.

მისი თქმით, ახალი მიზნები, ასევე, საშუალებას მისცემს კანადას, შეასრულოს ვალდებულება და დაეხმაროს მათ, ვინც თავისი ქვეყნიდან ძალადობასა და ომს გამოურბის. კანადა, სავარაუდოდ, დაახლოებით, მესამედით შეამცირებს იმ ლტოლვილების რაოდენობას, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას იღებენ. მათი რიცხვი 2023 წლის 23 550-იანი მაჩვენებლიდან 2025 წელს 15 250-მდე შემცირდება.

კანადა განსაკუთრებით კვალიფიციურ პროფესიებსა და ისეთ ინდუსტრიებში, როგორიც არის, მაგალითად, ჯანდაცვა, მუშახელის ძლიერ დეფიციტს განიცდის. ვაკანსიების უახლესი მონაცემებით, აგვისტოში კანადაში 958 500 ვაკანსია და 1.0 მილიონი უმუშევარი დაფიქსირდა. უმუშევრების უმეტესობას საჭირო უნარები არ გააჩნია ან ვაკანსიების შესავსებად ქვეყნის შესაბამის რაიონებში არ ცხოვრობს.

ახალი მიზნები 2023-დან 2025 წლამდე პერიოდში ეკონომიკურ იმიგრანტთა რაოდენობას, დაახლოებით, 13%-ით გაზრდის. ამასთან, გაიზრდება შედარებით მცირე რეგიონალური პროგრამების რაოდენობაც, რომლებიც ძირითადი ურბანული ცენტრების გარეთ, პროვინციებსა და რეგიონებში ხალხის გაგზავნას უწყობს ხელს.

პენსიაზე კანადელების რეკორდული რაოდენობა გადის, რაც, Reuters-ის შეფასებით, დასაქმების ბაზრიდან კანადის ყველაზე მაღალკვალიფიციური მუშაკების მასიურ გადინებას აჩქარებს და ბიზნესს აიძულებს, ახალი შესაძლებლობები ეძიოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close