საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით აღიძრა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ბიტექსჩეინჯის ხელმძღვანელი პირების განცხადებები და მათზე დართული აუდიოჩანაწერები.
განცხადებების თანახმად, ყეინიშვილი სავარაუდოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრებისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. ამავე განცხადებების მიხედვით, ის ასევე ცდილობდა ერთ-ერთი რეგულირებადი საწარმოს წილში შესვლას.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებს სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს, ხოლო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს ფინანსური სექტორის წარმომადგენელი ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორობა ეკრძალებათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში მითითებული საკითხების პირველადი შესწავლის შემდეგ მასალები შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნა.
საბჭო უახლოეს სხდომაზე ნანა ყეინიშვილის სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს. სებ-ის ინფორმაციით, ბიტექსჩეინჯი დაჯარიმებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის.














