Home ბლოგი მალხაზ მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშებსა და მის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ყადაღა დაედო

მალხაზ მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშებსა და მის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ყადაღა დაედო

მალხაზ მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშებსა და მის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს ყადაღა დაედო.

მანამდე კი ანგარიშებიდან თანხაც ჩამოეჭრა.

მიზეზი მისი მხრიდან სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობაა. მაჩალიკაშვილი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯარიმას არ გადაიხდის.

„ახლა ამით რისი თქმა გინდათ, ხმას წამართმევთ და გამაჩუმებთ?“- წერს ის.

არსებული ინფორმაციით, 2026 წელს პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ორჯერ ოფიციალურად დააჯარიმეს.

23 ივლისს თელავის რაიონულმა სასამართლომ 2 000-ლარის გადახდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ჩიმაკაძის მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელი განცხადების მიზეზით დააკისრა.

15 სექტემბერს კი 1 000 ლარიანი ჯარიმა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარს უკავშირდება.

როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად მას მეგობრის, მარინე ძაგნიძის ინიციატივით, ემიგრანტებმა თანხა ჩაურიცხეს. რომლის ნაწილი იმ ადამიანებს გადაურიცხა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ნაწილი კი საკუთარი საქმისთვის გამოიყენა.

მაჩალიკაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და სთხოვს, ჯარიმის გადახდის საკითხზე აღარ იზრუნონ.

„არავითარ შემთხვევაში, მე არ გადავიხდი. ჩემი თხოვნაა, ამ საკითხს წერტილი დავუსვათ, მეგობრებო“,- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი