ბლოგიდღის ამბებიინტერვიუუცნობი პორტრეტები

შვიდი მიზეზი ძალიან ცოტაა, რადგან კახეთი უსასრულობაა- ქრისტიანნა გრიგორიან

ქრისტიანნა გრიგორიანის ბლოგი

კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !

გამარჯობათ!

მე ქრისტიანნა მქვია, დავიბადე სომხეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ
საქართველოში უნდა დავბადებულიყავი, რადგან კითხვაზე საიდან ხარ, ყოველთვის
ვპასუხობ – საქართველოდან.

7 ძალიან ცოტაა, რადგან კახეთი უსასრულობაა.


ქართული მეზობლებისგან ვისწავლე ძალიან პატარა ასაკში და შემდგომ სკოლაში
სრულყოფილად დავეუფლე მას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც არ უნდა უცნაურად
ჟღერდეს, ფიქრიც კი ქართული მაქვს, აი ის ხმები რომ არის თავში

პატარა რომ ვიყავი, სულ ვამბობდი, გავიზრდები, ვისწავლი და ქვეყანას გამოვადგები,
განვავითარებ… მეგობრებს ვეუბნებოდი, მილიონებს ვიშოვი და ქვეყანას
„გავარემონტებ“ თქო, ისე მტკიოდა საქართველოს მდგომარეობა. ჩემი და საქართველოს
სიყვარული ისეთი გულწრფელია, ისეთი სათუთია, ისეთი უზარმაზარია, რომ
საქართველოზე რომ ვსაუბრობ, თვალები მიცრემლიანდება! სამშობლოს სიყვარულიც
ალბათ ეს არის!
გავიდა დრო და დღეს მე გიდი ვარ, ადამიანი რომელიც მასპინძლობს ქართველ და
უცხოელ სტუმრებს, საქართველოს აცნობ და აყვარებს, თან ისე, რომ გულით მიაქვთ და
სულ უკან დაბრუნება უნდათ. ყველას არ შეუძლია ეს, რადგან თუ გულით არ მიუდექი
შენს საქმეს, თუ სიყვარული არ ჩააქსოვე ყველა იმ სიტყვაში, რასაც უყვები სტუმრებს,
ისინი ვერ შეიგრძნობენ ქვეყანას… მას დაათვალიერებენ, მაგრამ ვერ შეიგრძნობენ.
საქართველოს ყველა მხარე ლამაზია, მაგრამ კახეთი განსაკუთრებით მიყვარს…

პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ აქ გავიზარდე და უხილავი ძაფი გვაკავშირებს. რა
შეიძლება იყოს იმაზე ჯადოსნური, რომ თბილისიდან გამოდიხარ და უდგები გომბორის
თვალწარმტაც გზას… უყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მის სიდიადეს და
სილამაზეს, ხელუხლებელ სილამაზეს! გომბორის უღელტეხილზე რომ ჩერდები და
უყურებ უსასრულოდ გაშლილ მთებს, ძველ ფეჩზე მომზადებული ფინჯანი ყავით
ხელში, ჰამაკში ჩამჯდარი.
მერე გზას აგრძელებ და თელავში შედიხარ, თანამედროვების და ისტორიის ერთმანეთში
შერწყმულ ქალაქში, აქ ოდესღაც ხომ თვით ერეკლე მეფობდა და უსერიოზულესი
გადაწყვეტილებები იქნა მიღებული! გემრიელ, კახურ საჭმელს რომ შეჭამ, უგემრიელეს
ღვინოს მიაყოლებ, თელავურ ხუმრობებს რომ მოუსმენ გურჯაანელებზე, ამაზე მაგარი
რამ გეგულებათ? თან რა საოცრება ხედები იშლება ალაზნის ველზე! იმ ველზე, სადაც
ყველაზე მაგარი ვენახებია, რისგანაც მერე ქართულ ღვინოს ამზადებენ, რომელზეც ჩემი
სტუმრები გიჟდებიან!
კახეთი უსასრულობაა, რადგან იმდენი ადგილია სანახავი და შესაგრძნობი, ერთი დღე არ
გეყოფათ. წინანდლის მუზეუმში ძალიან მიყვარს სტუმრების მიყვანა, რათა
კონტრასტები შეიგრძნონ თავადებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის! ის სიდიადე
ნახონ, რომელიც ყოველ ჯერზე მაოცებს იქ! ბოლოს სურვილს ჩავიფიქრებთ ხოლმე
ნატვრის ხეზე და ვაგრძელებთ გზას ნეკრესის მონასტრისკენ თავისი გამაოგნებელი
ხედებით. იქ, ჩამოჯდომა მიყვარს და უსასრულობაში ყურება და ამით ტკბობა!

იმაზე ფიქრი, რომ ეს საქართველოა და რომ ეს ყველაფერი ჩვენია! რომ ეს ჩვენი თვალია
მიჩვეული, თორემ ჩემი სტუმრები ვერ ჩერდებიან და სულ გაოგნებულები დადიან და
ფოტოებს იღებენ.
ნეკრესიდან მივდივართ ყვარელში, ღვინის ქარხნების სამოთხეში. მე პირადად, ძალიან
მიყვარს კინძმარაულის ქარხანა, რადგან ძალიან საინტერესო ექსკურსიას უწყობენ
ვიზიტორებს, აწვდიან ყველა ინფორმაციას ღვინის დამზადების ტექნიკაზე და ბოლოს
დეგუსტაციაც გვაქვს.
კახეთში ყოფნისას აუცილებლად ვრეკავ ყვარლის ტბაზე და ვჯავშნი ადგილებს
ყვარლის ტბაზე, რადგან რა უნდა იყოს იმაზე უფრო სასიამოვნო, ვიდრე ტერასაზე
ჯდომა სასმელებით ხელში და მთის და ტბის ხედებით ტკბობა და მთელი დღის ამბების
გახსენება. ძალიან მიყვარს ყვარლის ტბა, თავი ზღაპარში მგონია ხოლმე.
ყავას რომ დავლევთ და ცოტას დავისვენებთ, სტუმრებს ვაფრთხილებ, რომ ძალები
მოიკრიბონ, რადგან წინ სიყვარულის ქალაქი გველის კავკასიონის და ალაზნის
პეიზაჟით,რომელიც შეიძლება უცებ დახატული გეგონოთ, იმდენად ლამაზია!


გადასახედს რომ ვუახლოვდებით, უკვე მიჩვეული ვარ, რომ სტუმრები გაოცებას ვერ
მალავენ. ფოტოსესიას ვაწყობთ, მერე სიღნაღის ვიწრო და ლამაზ ქუჩებში ვსეირნობთ,
ჩავდივართ ქორწინების სახლთან, სადაც ძალიან ხშირად გვხვდება ქორწილებ. ისე
უხარიათ ხოლმე ჩემს სტუმრებს, გეგონება თავად დაქორწინდნენ
თბილისის გზაზე, უკან რომ დავბრუნებულვართ, ხშირად უთქვამთ სტუმრებს, რომ
მთელი დღის ნანახი სიზმარი ეგონებოდათ, რომ არა გადაღებული ფოტოები.
ამის მერე როგორ არ უნდა გიყვარდეს კახეთი?! შეიძლება მე ვიყო მიკერძოებული,
მაგრამ ჩემი ტურისტების რეაქციები და ემოციები ყველაზე გულწრფელია.
და გგონიათ სულ ეს არის კახეთი?! ძალიან ცდებით! კახეთში ყველა ტიპის
ტურისტისთის მოიძებნება სანახაობა. დავიდ-გარეჯს პოლონელები ადარებენ მთვარის
რელიეფს და მათ აუცილებელ სანახავ ადგილებში პირველ სამეულშია.


თუშეთი! ხელუხლებელი და გამორჩეული მხარეა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია
კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები,
ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ
ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და
მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები. ეს უნდა ნახოთ, სიტყვებით მისი სილამაზის
და უნიკალურობის აღწერა შეუძლებელია! ერთხელ დანახვით რომ გიყვარდება და
თავში გრჩება, მასეთი მხარეა და ესეც კახეთია!

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები კი, რომელიც საქართელოში პირველი დაცული
ტერიტორიაა და ამიერკავკასიაშია მსგავსი ბიომრავალფეროვნება სხვაგან არ გვხვდება,
გვთავაზობს ულამაზე ტურისტულ ბილიკებს, როგორიცაა ნინოსხევის ჩანჩქერი, როჭოს
ჩანჩქერი და გამაოგნებელი შავი კლდეების ტბა!
კახეთი უსასრულობაა! აღმოსაჩენი კიდევ ბევრია! და 7 მიზეზი საკმარისი არაა!
სიყვარული კი უპირობოა!

ქრისტიანნა გრიგორიან

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close