თელავის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლისთვის 32 საბავშვო ბაღიდან 10 ვერ გაიხსნა. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ბერძენაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ხელისუფლებამ დროულად ვერ მოაგვარა.
ერთ-ერთი მაგალითი სოფელი ნაფარეულია, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს დაიწყო, თუმცა ობიექტი ამ დრომდე დაუსრულებელია.
დეპუტატის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯავამ“ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც დაჯარიმდა და შავ სიაში შეიყვანეს. მიუხედავად ამისა, ბაღის მშენებლობა არ განახლებულა.
მისივე თქმით, პრობლემებია სოფელ გულგულასა და რუისპირშიც, რის გამოც ადგილობრივ ბავშვებს ვარდისუბნის საბავშვო ბაღში უწევთ სიარული.
ბერძენაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა აღსაზრდელებს სასწავლო წლისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ.














