Home ბლოგი დავითგარეჯზე ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს

დავითგარეჯზე ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას და მიმდინარე კამპანიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აფასებს.

„- აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები მთლიანად სიყალბეზეა აგებული, მათ შორის, კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს.

ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებით, კონკრეტულმა ადამიანებმა და მედიასაშუალებამ სახელმწიფოებრივად მგრძნობიარე თემაზე კამპანიის აგორება სცადეს, რაც, მისი შეფასებით, კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე მეტყველებს.

მისი თქმით, კონკრეტული ფაქტი არ აქვს იმის დასადასტურებლად, თუ ვინ დგას კამპანიის უკან და აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია შესაძლოა სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდეთ.

„ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები“,- განაცხადა კობახიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ საკითხს შესაძლოა სამართლებრივი განვითარებაც მიეცეს, თუმცა ეს შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია.