სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები რეგიონებში „კარდაკარის“ პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირებასა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებენ.
პარალელურად, მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.
სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, პატრონიანი ძაღლების ჩიპირებას გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და აღნიშნა, რომ პროცესი ყველა რეგიონს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას.
პატრონიან ძაღლებს ჩიპირება, ვაქცინაცია და სტერილიზაცია უფასოდ უტარდებათ. მანიპულაციები ტარდება როგორც სტაციონარულ, ასევე მობილურ კლინიკებსა და საველე პირობებში, რასაც ტენდერით გამოვლენილი კერძო ვეტერინარული დაწესებულებები ახორციელებენ.
ვეტერინარები მუდმივად აკვირდებიან პროცესს, რათა პროცედურები სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდეს.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ითვალისწინებს როგორც მიუსაფარი და მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციასა და სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ღონისძიებების ჩატარების განრიგი წინასწარ ქვეყნდება ფეისბუკ-პლატფორმაზე (https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226…)
ცხოველების მეპატრონეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსაც.














