თუშების ყოველდღიური ცხოვრება ძალიან განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელსაც ამ ადგილის შესახებ ვხედავთ ფერადყდიან ჟურნალებში, ადამიანები ღვთის ანაბარა არიან დარჩენილები-
ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მან პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში თუშეთში ე.წ. პოლიტიკური ექსპედიციის ფარგლებში იმოგზაურა.
ოპოზიციონერებმა მოიარეს ვესტომთა, წოვათის ხეობა, დართლო, დანო, კვავლო და ადგილობრივებს შეხვდნენ.
გაეცნენ მეცხვარეების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. ცუცქირიძის შეფასებით, დარგი გადაშენების პირასაა, რასაც, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ხელშეწყობა განაპირობებს.
სოფელ ჯვარბოსელში, ექსპედიციის მონაწილეებმა მდინარეზე დაზიანებული ხიდი დაათვალიერეს და თქვეს, რომ მის გაუმართაობას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა.
„- იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც ვისმენთ და გარშემო ვხედავთ, შესაძლებელია გამართული და დამოუკიდებელი თვითმმართველობისა და სასამართლოს ჩამოყალიბებით, რომლის ტრადიციაც საქართველოში არსებობს“, – თქვა ცუცქირიძემ.














