Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მოსახლეობის ნაწილი სტიქიის შემდეგ სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მოსახლეობის ნაწილი სტიქიის შემდეგ სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მოსახლეობის ნაწილი სტიქიის შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, გარკვეულ უბნებს წყალი უკვე თვეზე მეტია შეზღუდულად მიეწოდება. ამჟამად კი წყალი მხოლოდ დილით, ნახევარი საათის განმავლობაში მოდის.

მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულის მაღალი ტემპერატურის პირობებში, ასეთი გრაფიკი ოჯახებისთვის განსაკუთრებით რთულია.

„საშინელი მდგომარეობაა, ასე უსაშველოდ რატომ გაგრძელდა უწყლოობა ნახევარი სოფლისთვის?“ -წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

ნაწილი აღნიშნავს, რომ პრობლემას განსაკუთრებით მძიმედ განიცდიან ხანდაზმულები, რომლებსაც მარაგის შესანახი რეზერვუარი ან წყლის მოსატანად ავტომობილი არ აქვთ.

„ნამდვილად გაუსაძლისია! ახალგაზრდებს რა გვიჭირს. მოხუცები ძალიან ცოდოები არიან, ვისაც არც რეზერვუარი აქვს, არც მანქანა და ასე შემდეგ“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

კისისხევის მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში დააჩქარონ დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მილსადენის სრულად აღდგენამდე კი გაიზარდოს წყლის მიწოდების გრაფიკი, ან მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული ფორმით მომარაგება.

კისისხევში პრობლემა 12 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად წარმოიქმნა.