Home ბლოგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი დამტკიცა

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი დამტკიცა

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.

ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.

გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

ფორმის შეცვლა, ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.

ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;

1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.

2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.

3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

მიმდინარე პროცესს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.

დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების მისამართებთან დაკავშირებით, შპს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.