დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დაწვის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს და პრაქტიკის აკრძალვასა და კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, ბოლო დღეებში სხვადასხვა ტერიტორიაზე აღებული ყანებისა და ნაკვეთების დაწვის შედეგად, ძლიერი დაკვამლიანებაა, ჰაერში კი ნამწვავი და ფერფლი ვრცელდება.
„ღამე ფანჯარა ვეღარ დამიტოვებია ღია. მერამდენე დღეა უკვე, დილით რომ ვიღვიძებ, სახლი ნამწვავებით მხვდება სავსე. თოთო ბავშვი მყავს და სულ ნამწვავებითაა სახლი გავსებული. შევწუხდით ხალხი მთელ რაიონში ბოლი დგას“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ნაკვეთის დაწვისას, ცეცხლი მიმდებარე ბაღებსა და აუღებელ ყანებზე ვრცელდება და ფართომასშტაბიან ხანძარს იწვევს.
გახშირებული ხანძრების შედეგად კი ზიანდება ქარსაფარი ზოლები და ბუნებრივი საფარი.
ნაკვეთების დაწვის პრაქტიკაზე ფერმერებიც საუბრობენ. მათი თქმით, ნარჩენების დაწვის მეთოდი ხანძრის გავრცელების რისკს ზრდის და ნიადაგსა და გარემოსაც აყენებს ზიანს.
დედოფლისწყაროს მოსახლეობა შესაბამის უწყებებს მიმართავს, დაწესდეს მკაცრი კონტროლი, ხოლო დამრღვევებზე კანონით გათვალისწინებული სანქციების აღსრულდეს.














