თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქალაქის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.
პარალელურად, გრძელდება თელავის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოებიც, რაც სპეციალისტების შეფასებით, მომავალში დატბორვის საფრთხეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი ამ დრომდე შეფერხებით მიეწოდება.
შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თელავში უკვე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
მათ ვარდოშვილის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, სადაც ღვარცოფმა რამდენიმე კომერციული ობიექტის საძირკველი დააზიანა.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, როდის აღდგება კონკრეტულ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა.
ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ინტერნეტის კაბელების აღდგენის სამუშაოები.









