თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ.
კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, გოჩა სებისკვერაძე, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მშობლებს მადლობა გადაუხადა შვილების გამო, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით შეუერთდნენ.
წვევამდელები ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში ოჯახის წევრებმა გააცილეს. სამხედრო ნაწილში მათ ჯარისკაცის ფორმა და აღჭურვილობა გადასცეს, რის შემდეგაც ყაზარმებში განთავსდნენ.
ახალწვეულები 8 კვირის განმავლობაში შეისწავლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს.
კურსის დასრულების შემდეგ, ისინი სამხედრო ფიცს დადებენ და საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში განაწილდებიან.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.





















