გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 163 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 7 შემთხვევა კახეთის რეგიონშია.
უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 58 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას ეხება.
დალუქულია 10 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ჯამში ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი შემთხვევა – 65 ფაქტი, აჭარაში გამოვლინდა.
შემთხვევებს შორის 18 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.
უწყება აღნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის აღკვეთა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.





















