Home ბლოგი სიღნაღში არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა

სიღნაღში არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საარჩევნო უბანზე დღეს ინციდენტი მოხდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც „მთავარი ამბები კახეთს“ ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთ-ერთმა მოქალაქემ საარჩევნო ყუთში სავარაუდოდ წინასწარ შემოხაზული ბიულეტენების მოთავსება სცადა, რის საშუალებასაც მას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ზედელაშვილმა არ მისცა.

ინციდენტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მყოფი პირების თქმით, სიტუაცია მალევე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ მდგომარეობა განმუხტა.

გიორგი ზედელაშვილი აცხადებს, რომ მან მხოლოდ საკუთარი მოვალეობა შეასრულა და არჩევნების შესაძლო გაყალბების მცდელობას ხელი შეუშალა.

„დავინახე, რომ მოქალაქე საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაგდებას ცდილობდა. მივედი და ხელი შევუშალე. ამის შემდეგ აგრესიული გახდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა,“ — განაცხადა ზედელაშვილმა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს თანამშრომლებიც.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს.

ავტორი მაკა მოსიაშვილი