გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა კალაურში.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში განადგურდა მარწყვის ბაღები, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დარჩნენ.
რაც შეეხება ვაზისუბანსა და შაშიანს, მათი თქმით, მრავალწლოვანი ნარგავები არ განადგურებულა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიას ინფრასტრუქტურული ზიანი არ გამოუწვევია.
მოსახლეობის ნაწილის ინფორმაციით, იმ მეურნეობებში, სადაც აგროდაზღვევა მოქმედებს, ზარალის ანაზღაურება შესაბამისი წესით მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება დაზღვევის კომპანიებისა და ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.





















