ახმეტის ღვთაების სამონასტრო კომპლექსზე არქეოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი დასრულდა
პროექტის ფარგლებში ადგილზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური სამუშაოები, რომლის მიზანი ძეგლის მრავალმხრივი შესწავლა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იყო.
სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. კვლევებს არქეოლოგი შოთა თვალაძე ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ძეგლზე არქეოლოგიური კვლევები პირველად ჩატარდა, რაც სპეციალისტების შეფასებით, პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ინტერდისციპლინური სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ძეგლის ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება, არქიტექტურული კვლევები და არქეოლოგიური არტეფაქტების კამერალური დამუშავება.
კვლევებში ჩართულნი იყვნენ როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და საეკლესიო მიმართულებით მოქმედი უწყებები.
პროცესში მიმდინარეობდა კომუნიკაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან.
სამწლიანი კვლევითი პროცესი, სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ძეგლის დაცვის, კონსერვაციისა და შემდგომი სამეცნიერო შესწავლისთვის.





















