გურჯაანიის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრამიძემ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.
საქმის მასალების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა პედაგოგ ლია მღებრიშვილს, თუმცა თავდასხმის სამიზნე, მისი შვილი იყო, რომელთანაც პირადი კონფლიქტი ჰქონდა.
ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა. 36 წლის თენგიზ ფოლადაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.





















