Home ბლოგი რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი-დავით სონღულაშვილი

რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი-დავით სონღულაშვილი

რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია, დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი-დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო რთველის პირდაპირი სუბსიდირებიდან გამოვიდა, თუმცა კვლავ უზრუნველყოფს ჭარბი მოსავლის შესყიდვას იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ინტერესს არ გამოხატავს.

მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა მევენახეებს აძლევს საშუალებას, რომ მათი მოსავალი რეალიზაციის გარეშე არ დარჩეს. ყურძნის ფასის განსაზღვრა კი ხარისხობრივი გრადაციის მიხედვით მოხდება.

“-დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზების და ჩაბარების. შარშან რთველის დროს სატესტოდ იყო ყურძნის ფასის ხარისხობრივი დაყოფა. წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია“, – აღნიშნა მინისტრმა სონღულაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით.

“ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში – 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე – 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ის განსაკუთრებით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.