უამინდობისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა – დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
მეხის დარტყმის შედეგად, ერთ-ერთ ეზოში პალმის ხე შუაზე გაიხლიჩა. ასევე ჩამსხვრეულია გარე განათების ბოძი.
ჩამოცვენილია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები და ინტერნეტის გაყვანილობა. დამტვრეულია დენის მრიცხველები, ტერიტორია კი ფრაგმენტებით არის დაფარული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ უბანში 10-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ გამაყრუებელმა ხმამ შუაღამით გააღვიძათ, დილით კი დაზიანებული ინფრასტრუქტურა დახვდათ.
ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში აღდგება.





















