თელაველი ტიკტოკერისა და კონტენტ-კრეატორის, ნიკა კალანდაძის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე გავრცელდა
ის ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებთან მანიპულაციურად დააკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მითების დეტექტორი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 7-8 აპრილს ფეისბუქ-გვერდებმა, მათ შორის „Aravin“, გაავრცელეს ვიდეო ფრაგმენტი, სადაც კალანდაძე ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად ერთი კვირაა საწოლიდან არ დგება.
პოსტებში ვიდეოში ასახული პირი შეურაცხმყოფელი ტერმინით არის მოხსენიებული.
„მითების დეტექტორის“ განმარტებით, ვიდეოს სრულ ვერსიაში ნიკა კალანდაძე საკუთარ პროექტსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობს, ხოლო აღნიშნული ფრაზა-„ეს არის ჩემი ერთგვარი პროტესტი“, მის პირად გამოცდილებას ეხება და არა პოლიტიკურ პროცესებს.
მან 9 აპრილს თავადაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ვიდეო კონტექსტის გარეშე გავრცელდა და დაინტერესებულმა პირებმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.





















