2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ერთდროულად რამდენიმე საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კანდიდატებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
უწყების განმარტებით, ცვლილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება და მიზნად ისახავს სწავლების ხარისხის ამაღლებას, ასევე სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge), 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალებები იდენტურია, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი სხვადასხვა ენაზეა წარმოდგენილი.





















