„ჭიაკოკონობაზე“ საბურავის დაწვა 1500 ლარით დაჯარიმდება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობა მოსახლეობას აფრთხილებს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციულად იმართება რიტუალი “ჭიაკოკონობა“, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და დაჯარიმებას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციით, რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მუნიციპალური ნარჩენი, რომლის დაწვისას ჰაერში გამოიყოფა ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვებს.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კონტროლის გამკაცრებისა და საინფორმაციო კამპანიების შედეგად დიდ ქალაქებში სამართალდარღვევები შემცირებულია, რიგ რეგიონებში ტრადიცია კვლავ გრძელდება.
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით: საყოფაცხოვრებო და ბაღის ნარჩენების ღია წესით დაწვა იწვევს 500 ლარის ოდენობის ჯარიმას.
საბურავების, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის დაწვა კი ისჯება 1 500 ლარით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდება.





















