თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება
გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
პრეზენტაცია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ გამართა.
დოკუმენტში გაწერილია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, მათ შორის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ქალაქის მიმზიდველობის ზრდას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტების განვითარება გენერალური გეგმის დამტკიცებით უნდა იწყებოდეს.
„-მნიშვნელოვანია, რომ თელავის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს და კულტურული ცხოვრება ქალაქში იყოს მზარდი და საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“,- თქვა ჟორჟოლიანმა.





















