Home ბლოგი კულტურის სამინისტრომ რეგიონული თეატრალური ფესტივალების კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ რეგიონული თეატრალური ფესტივალების კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ რეგიონული თეატრალური ფესტივალების კონკურსი გამოაცხადა – თელავის თეატრი მიმდინარე წელს მონაწილეობას არ იღებს

კონკურსი მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციას და ახალი პროექტების მხარდაჭერას.

მათ შორის საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და პროდიუსერული აქტივობების განხორციელებას, ახალი პრემიერებისა და საერთაშორისო, თუ რეგიონული გასტროლების მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის განაცხადი 1 აპრილამდე მიიღება. ნაშრომების წარმოდგენა ხორციელდება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, ძირითადი პირობა კი არის, რომ პროექტი ემსახურებოდეს კულტურულ, შემოქმედებით ან საგანმანათლებლო მიზნებს.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას არ იღებს.

დირექტორმა, ზაქრო რაზმაძემ მიზეზები არ დააკონკრეტა, თუმცა, მიმდინარე საქმიანობასა და ინფრასტრუქტურული გეგმების შესახებ ისაუბრა.

„-ჩვენმა თეატრმა ბოლო 2–3 თვეში ორი პრემიერა გამართა და ორი წარმოდგენა კიდევ იქნება. ზაფხულში დაგეგმილია გასტროლები საქართველოს რეგიონებსა და საერთაშორისო სივრცეში. ამის შემდეგ იწყება შემოდგომის სეზონი და დასასრულს რემონტი უნდა ჩატარდეს. საპროექტო სამუშაოები უკვე ჩაშვებულია და ამ პერიოდში ალტერნატიული სივრცის გამოყენების საშუალება გვექნება“, – უთხრა რაზმაძემ გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“.

თელავის თეატრი მომავალში პროექტებსა და კონკურსში შესაძლო მონაწილეობისთვის მზადებას განაგრძობს. ამ ეტაპზე კი პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სეზონური გამოწვევები მიიჩნია .