სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, ისტორიული სახლები რეაბილიტაციას საჭიროებს-ადგილს ტურისტული პოტენციალი აქვს
XVIII საუკუნის დროინდელი, ორსართულიანი ნაგებობები, აივნებითა და ხის ორნამენტებით, ამჟამად დაზიანებულია და აღდგენა სჭირდება.
ადგილობრივების თქმით, ქვით ნაშენ მყარ სახლებში, გასულ საუკუნეებში ოჯახები ცხოვრობდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. მოსულიშვილი, რომელიც ქვემო მაჩხაანში დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი პარტიზანი იყო.
გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილმა მოსულიშვილმა, იტალიელ პარტიზანებთან ერთად, ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოლა.
1970 წელს იტალიის უმაღლეს ჯილდოდ მას „მხედრული მამაცობისათვის”, ოქროს მედალი გადასცეს. მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისტორიული სახლებისა და მუზეუმის ერთობლიობა სოფლისათვის, მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალის მომცველია. თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა შორის არის დაზიანებული მისასვლელი გზა, ხელისშემშლელია.
ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა ისტორიული ნაგებობების აღდგენა. თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათი რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ისე ტურიზმის განვითარებას.





















