უახლოეს თვეებში ხილსა და ბოსტნეულზე ფასების მატება გარდაუვალია – ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ამის შესახებ „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, გამოცემა BMG- სთან განაცხადა.
მისი თქმით, პროდუქტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელია, ხოლო გარკვეული შეღავათი მხოლოდ ზაფხულიდან შეიძლება მივიღოთ.
ექსპერტის შეფასებით, ფასების ზრდას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, გაძვირებული ლოჯისტიკა და საწვავის ფასის ზრდა. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
ბეჟიტაშვილის განმარტებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო, ირანიდან პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ბაზარზე პროდუქციის ნაკლებობას და ფასების ზრდას იწვევს.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება საწვავის ღირებულებაც, რომელიც პროდუქტის თვითღირებულების დაახლოებით 20-30%-ს შეადგენს და გავლენას ახდენს როგორც წარმოებაზე, ისე ტრანსპორტირებასა და შენახვაზე.
მისივე პროგნოზით, უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში ფასები კვლავ მოიმატებს, ხოლო მდგომარეობის შედარებითი გაუმჯობესება ზაფხულიდან არის მოსალოდნელი, როდესაც ბაზარზე ადგილობრივი პროდუქცია გამოჩნდება.





















