2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება
ცვლილება უკავშირდება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას, რომლის მიხედვითაც მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლას ერთდროულად დაასრულებენ.
ცვლილება შეეხება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურსაც. იმის გამო, რომ საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიან მოდელზე გადადის, 2027-2028 სასწავლო წელს ბაკალავრიატს ერთდროულად დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების დიდი ნაწილი.
შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის გაიზრდება სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობაც.
რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების სტრუქტურაც. საშუალო საფეხური მოიცავს X-XI კლასებს, ხოლო მე-12 კლასი არჩევითი ხდება. მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სწავლების გაგრძელება მე-12 კლასში შეეძლებათ.
ამასთან, მე-11 კლასელებისთვის სკოლებში დაინერგება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც მათ ეროვნული გამოცდებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება. აღნიშნული ცვლილებები შეეხებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად მე-9 კლასში სწავლობენ.





















