ახმეტაში, დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა
ეს 12 სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთია, რომლის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაასაჯაროვა.
საუბარია მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელსა და ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტზე. ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსის“ დირექტორსა და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტზე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მერიის მიერ, N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს „არტიფექსის“ დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებამ კორუფციული დანაშაულების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერებიც გააასაჯაროა.





















