ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა 50%-ით უნდა გაიზარდოს
ამის შესახებ მედიასთან, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
გიორგი შიოლაშვილის თქმით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე, მომსახურების ტარიფი უცვლელია, რაც სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.
მისივე განმარტებით, ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირების ფონზე, არსებული ტარიფი აღარ უზრუნველყოფს ცენტრების ნორმალურ ფუნქციონირებას.
უცვლელი საფასური კი პირდაპირ აისახება თანამშრომელთა ხელფასებზე და ამის გამო, ცენტრებში კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელია.
“- ეს ნიშნული ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად ტექინსპექტირების ცენტრებისთვის, რადგანაც კადრების გადინების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. სახელფასო განაკვეთები, რაც თავდაპირველად იყო, დღეს პერსონალს აღარ აკმაყოფილებს. აღნიშნული ხელფასით მათი შენარჩუნება ძალიან რთულია“, – ამბობს შიოლაშვილი.
მისივე განცხადებით, კვალიფიციური კადრების დაკარგვა დამატებით პრობლემას ქმნის, რადგან ახალი თანამშრომლების მომზადება დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
“თუ ტექინსპექტირების საფასური არ გადაიხედება, სექტორს სტანდარტებთან შესაბამისობაში ოპერირება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება”, – თქვა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა.





















