Home ბლოგი რატომ არის საქართველოში პროდუქტები ძვირი? -დისტრიბუტორების პასუხი ფასების კომისიას

რატომ არის საქართველოში პროდუქტები ძვირი? -დისტრიბუტორების პასუხი ფასების კომისიას

რატომ არის საქართველოში პროდუქტები ძვირი? -დისტრიბუტორების პასუხი ფასების კომისიას

პარლამენტის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების შემსწავლელმა კომისიამ, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრები დაასრულა. შემდეგ ეტაპზე კომისია ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოიწვევს.

5 მარტს, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ სექტორში არსებობს სისტემური პრობლემები, რომლებიც პროდუქტების გაძვირებას იწვევს და საბოლოოდ ამ ხარჯს მომხმარებელი იხდის.

შეხვედრაზე სამი ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა: სუპერმარკეტების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის ხანგრძლივი გადახდის ვადები, საქონლის ბრუნვის მონიტორინგის საკითხი და ქსელურ მარკეტებში შესვლის ბარიერები.

დისტრიბუტორების თქმით, ხშირ შემთხვევაში ქსელური მარკეტები მათ თანხას 70-75 დღეში უხდიან, რაც კომპანიებს აიძულებს სამუშაო კაპიტალი ბანკის სესხებით დააფინანსონ.

მათი განმარტებით, სწორედ სესხის ხარჯები, საწვავის გაძვირება და თანამშრომლების ხელფასების ზრდა მოქმედებს პროდუქციის საბოლოო ფასზე.

საუბარი შეეხო მაღალ ფასნამატებსაც. მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას დაახლოებით 26%-იანი მარჟა აქვს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ის 50%-საც აღემატება.

კომისიის წევრების თქმით, საქართველოში რიგ პროდუქტებზე ფასნამატი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. მათი შეფასებით, თუ გადახდის ვადები შემცირდება და კომპანიების ფინანსური ხარჯები დაიკლებს, პროდუქციის გაიაფების შესაძლებლობაც გაჩნდება.

თუმცა დისტრიბუტორები აცხადებენ, რომ ფასების შემცირების მთავარი ფაქტორი კონკურენციაა, მაშინ როდესაც კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე კონკურენცია სრულად არ მუშაობს.