საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, ჯარიმები გაიზრდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომელიც მუხლობრივი განხილვისას, ნაწილობრივ დაკორექტირდა.
ცვლილებების მიხედვით, მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება და 20 ქულის დაკლება იქნება გათვალისწინებული.
სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქცია 100 ლარამდე გაიზრდება. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობასა და საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობაზე, ჯარიმა 50 ლარამდე განისაზღვრება და 10 ქულის დაკლება მოხდება.
50 ლარამდე იზრდება დგომა-გაჩერების წესების დარღვევის სანქციაც. როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებსა და კურორტებზე.
დამატებით, 200 ლარით დაჯარიმდება „BUS LANE“-ზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება 100-ლარიან ჯარიმასა და ავტომობილის ევაკუაციას გამოიწვევს.
მკაცრდება სანქციები ე.წ. „დრიფტზე“. ქონების ან პირის დაზიანების შემთხვევაში, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, მოქალაქეს მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.
გარდა ამისა, 2 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ჯარიმები, გზისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.





















