ეკონომიკა

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი 100-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება

უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელი 100-დან 1000 ლარამდე თანხით დაჯარიმდება

მთავრობამ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი რეგლამენტი დაამტკიცა.

რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, ახალ ნორმებსა და მათ აღსრულების მექანიზმზე  შრომის ინსპექციის მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა ისაუბრა.

მაია მიქაიას თქმით, მიზანი არა სანქცირება, არამედ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაა.

,,2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანამ აიღო ვალდებულებები შრომის უსაფრთხოების მიმართულებითაც. ასევე იქნა კანონი მიღებული, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი დათქმები, რომ ეს ეხებოდა პირველ რიგში მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, საშიშპირობებიან სამუშაოებს. უკვე 2018 წლიდან კი ქვეყანამ მიიღო ორგანული კანონი, რომელიც ეხება ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას და შესაბამისად განსაზღვრულია ის ძირითადი ვალდებულებები, რომელიც დამსაქმებლის ვალდებულებაა, ისე როგორც დასაქმებულის ვალდებულებები.

უსაფრხოების ორგანული კანონით არის ზოგადი განსაზღვრებები, როგორ უნდა იყოს უსაფრთხოება დაცული სამუშაო ადგილებზე. გარდა ამისა, არსებობს სექტორული მიმართულებებით მისაღები და მიღებული ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია, რომ დასაქმებულთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნას დაცული. ტექნიკური რეგლამენტი, რომელზეც ვსაუბრობთ, განსაზღვრავს სწორედ ამ მინიმალურ მოთხოვნებს.

რეგლამენტით განისაზღვრა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა. მაგალითად, განათების საკითხი, რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი და ხელოვნური განათების ლუქსებით. რამდენი ლუქსი უნდა იყოს, როცა ხელოვნური და ბუნებრივი განათების სინთეზი ხდება.

განათება, მიკროკლიმატი, კონსტრუქციული სიმყარე, სავენტილაციო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები – ეს არის მოთხოვნები, რომლებიც ახალ ტექნიკურ რეგლამენტშია. ასევე, სიახლეა 2 კვადრატული მეტრის განსაზღვრა დასაქმებულებისთვის. რაც შეეხება მონიტორთან მუშაობის წესებს, ჩვენ უსაფრთხოების კანონით განსაზღვრული გვაქვს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება. უსაფრთხოების მენეჯერმა სამუშაო სივრცის შეფასებისას უნდა განსაზღვროს, რა მავნე ფაქტორებია, რაც დასაქმებულზე უარყოფით გავლენას ახდენს. აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ასოციაციები და ზედამხედველი უწყებები.

ჩვენ, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ინფორმაციის მიწოდებას დამსაქმებლებისთვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მოთხოვნები ვრცელდება თითქმის ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე. გამონაკლისია ის საქმიანობები, რომლებიც დამატებით დარეგულირდება სექტორული ტექნიკური რეგლამენტით.

ჩვენი სამსახური შექმნის დღიდან დღემდე არ ყოფილა ორიეტირებული ჯარიმებზე. ჩვენი მიზანია, დასაქმებულებს და დამსაქმებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია. ობიექტზე პირველად შესვლისას, გარდა კრიტიკული შეუსაბამობისა, სხვა ყველა შემთხვევაში ვიყენებთ გაფრთხილებას და ვაძლევთ გონივრულ ვადას გამოსასწორებლად. იმ შემთხვევაში კი თუ არ მოხდა გამოსწორება, ჯარიმა ბრუნვის მოცულობაზეა დამოკიდებული. ჯარიმაც შესაბამისად 100-დან 1 000 ლარამდეა ბრუნვის მიხედვით“ – განაცხადა მაია მიქაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close